„პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს ვაკადრებ, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები ვაკეთებინო“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის ადამიანები არიან მოძალადეები, ვისაც უჩნდება კითხვა - ხომ არ იყო ბუდუ ზივზივაძეზე ზეწოლა, რადგან მან თავად მოითხოვა სოციალური ქსელიდან მის მიერ გაკეთებული განცხადებების წაშლა.
„რა ზეწოლის საქმეში? ამ კითხვის გაჩენაც, იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების სახით წარმოდგენილი რადიკალები არიან ზუსტად ის მოძალადე ადამიანები, ვინც ამას კადრულობენ. ისინი არიან მკადრებლები ყველანაირი ბოროტების და სიბინძურის, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს.
ცხოვრებაში არასდროს მიკადრებია, რომ ვიღაცისთვის დამერეკა, მეთხოვა მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა, ან რაც ჩემთვის საწინააღმდეგოა, იმის აღება მომეთხოვა. მე ბუდუ ზივზივაძესთან ძმაკაცური ურთიერთობა არ მაქვს. მაგრამ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, ვისთანაც უფრო ახლო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ბევრთან მითამაშია კიდეც, თანაგუნდელები ვიყავით. ვერცერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ მე ვინმესთვის რაიმე მითხოვია - პოლიტიკური მხარდაჭერა, არჩევნების დროს მხარდაჭერა და ა.შ. მე ამას, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს ვაკადრებ, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები ვაკეთებინო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.