„ეს არის ყველაზე ბოროტი ძალა. ყველა შეკრებილი, ვინც არის იქ, ყველაფრის მკადრებლები არიან ქვეყნის წინააღმდეგ. გაერთიანებებზეც რა უნდა გითხრათ, მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, რა გაერთიანებაზეა საუბარი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის გეგმებზე ჰკითხეს.
თბილისის მერის თქმით, ოპოზიციას დღეს წარმოადგენს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
„არ ვიცი, რა გეგმებზე უნდა ვისაუბროთ ოპოზიციასთან დაკავშირებით, იცით თქვენ, რა გეგმები აქვთ? - ისე არ ვიცი მეც. ერთადერთი ვიცი, რომ ეს არის გარედან მართული ძალა, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მზადაა, ქვეყანა ჩართოს ომში და მე ამას შემთხვევით არ ვამბობ - ისევ მათი განცხადებებიდან გამომდინარე ვსაუბრობ.
როცა აგენტი ხარ, როგორ შეიძლება იფიქრო სამშობლოზე, შენს ქვეყანაზე, შენი ქვეყნის მოსახლეობაზე - ეს მათ დაამტკიცეს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის მიმართ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ნათელი მაგალითია იმისა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი.
ხომ შეიძლება, ოპოზიციაში რამე გამოსწორდეს?! ადამიანები ვართ, ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, მოიბოდიშოს. არა, პირიქით - იმავეს აგრძელებენ, უბრალოდ ნაკლები რესურსი აქვთ. ბულინგი, შეურაცხყოფა, თუკი რაიმე სიბინძურე არსებობს, ყველაფრის მკადრებლები არიან, თუმცა არანაირი რესურსი მათ არ გააჩნიათ. შესაბამისად, ისინი ერთ პლატფორმაზე იქნებიან თუ ცალ-ცალკე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მისასალმებელია, თუ ისინი შექმნიან რამდენიმე ერთიან პლატფორმას, იმიტომ რომ ყველა ერთია ეს ადამიანი, კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთია, ეს არის აგენტურა, მოღალატეობრივი დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან, შენიღბული არიან ვითომდა რაღაც დემოკრატიით და ევროპულობით, არადა ფაშისტები არიან. ეს არის რეალობა და ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს მათ 26 ოქტომბერს“, - განაცხადა თბილისის მერმა.