უკრაინაში უმძიმესი მდგომარეობაა, პრიორიტეტი თუ სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია, სააკაშვილი გათავისუფლებული იქნება, როცა სასჯელს მოიხდის, – ამის შესახებ დედაქალქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი აქვს. გამიჭირდება დეტალებში შევიდე და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა პირველი, რაც მინდა, ამ ქვეყანას ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ მტერს არ ვუსურვებ, რაც უკრაინაში ხდება - ძალიან დიდი უბედურება, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი, უმძიმე მდგომარეობაა. ამიტომ, მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის დამნაშავე - სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის და, რა თქმა უნდა, როდესაც სასჯელს მოიხდის, გათავისუფლდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.