თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხებს აფიქსირებდა, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.
„აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან, ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები იყო, როდესაც კითხვები მოდიოდა სხვადასხვა ტიპის. ასევე, ჩვენ თუ გავიხსენებთ მის ინტერვიუებს, რადიკალურად ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ გუნდს გახარიას გადაყენება უნდოდა, თუმცა „ქვეყნის გარედან დარეკეს და უთხრეს, რომ მისი გადადგომა არ იყო მიზანშეწონილი“.
„მე ვადასტურებ აღნიშნულს. ნამდვილად იყო ზარი და მოთხოვნა, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. შესაძლოა, დადგეს დრო, როცა ამ ყველაფერზე ღიად ვისაუბოთ სახელებით და გვარებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, 20 ივნისის მოვლენებზე ბევრი კითხვა ჩნდება.
„რეალურად თუ გავაანალიზებთ 20 ივნისის ღამეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება იგივე სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედებაზე. ჩვენ ამის შემდეგ ბევრი აქცია გვინახავს, ბევრი მოქმედებები ვნახეთ სპეციალური დანიშნულების რაზმის, რადიკალურად განსხვავებული, რადიკალურად განსხვავებული ხელწერა. შესაბამისად, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის ქმედებები, თუ როგორ მუშაობდა და როგორ იყო განლაგებული სპეცრაზმი. პროფესიონალები ამაზე უფრო დეტალურად ისაუბრებენ, მათ შეუძლიათ, უფრო სიღრმეებში
შევიდნენ, თუმცა რაც ზედაპირზეა, ვფიქრობ ძალიან ნათელია ყველაფერი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.