„შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მე მაქვს რაღაც კავშირები, მაგრამ ამას დასაბუთება ხომ სჭირდება?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხზე და აღნიშნა, რომ აშშ-მ ქართულ მხარეს უნდა მიაწოდოს მეტი ინფორმაცია. შეიძლება ეს არ იყოს საჯარო, მაგრამ შესაბამის უწყებებს განმარტებები უნდა წარუდგინონ.
„თქვენ გგონიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უბრალო ქვეყანა ვართ? ჩვენ მათი სტრატეგიული პარტნიორი ვართ და უნდა მოგვაწოდონ მტკიცებულებები. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენს სახელმწიფოს, მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია სანქცირებულ პიროვნებაზე. განმარტებები უნდა გაკეთდეს და უფრო მეტი დასაბუთება იყოს, თუ რა გახდა დასანქცირების მიზეზი. ასე მოხდა მოსამართლეების დასანქცირების შემთხვევაშიც.
შეიძლება მსგავსი ინფორმაცია საჯაროდ არ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ შესაბამის სამსახურებს უნდა მიაწოდონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამას ვიმსახურებთ. შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მე მაქვს რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არგუმენტი და დასაბუთება ხომ სჭირდება?“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალური ყოფილი პროკურორი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, ამის შესახებ "აიპრესს" სუსში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და საბუთები ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია - სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, გაუგებარია ღიად ვამბობ, რომ „ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი"- რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე?
პ.ს. ოთარ ფარცხალაძე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე