განათლების სისტემის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ მთავარია აღნიშნული რეფორმის განხორციელება მოხდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მერი კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს საკითხი ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ქვეყანაში.

„პრემიერმა ძალიან ვრცლად ისაუბრა  გამოწვევებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლების განმავლობაში. მგონია, ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა აღნიშნული მიმართულება ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეული განათლება მიიღონ. შემდეგ ყველაზე მთავარი რაც არის – განათლებამიღებული ადამიანების ცოდნა გამოვიყენოთ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, რათა საქართველოში შეიქმნას კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება. ამას სჭირდება განათლებული, წარმატებული ახალგაზრდები და ადამიანები. შესაბამისად, განათლების რეფორმის განხორციელება იმ ფორმით, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა პრეზენტაციაზე, მან დააფიქსირა, რომ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია საზოგადოებასთან გაგრძელდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.