„არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებოდა ხელისუფლების დამხობისთვის“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ინფორმაციას, რომ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, იგივე EMC-ის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით გაგზავნილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით საზოგადოების გახლეჩვის, არეულობებოს მოწყობის მცდელობებზე ხელისუფლების შესაბამის უწყებებს ყოველთვის მსგავსი რეაგირება ექნება.

„იცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებოდა ხელისუფლების დამხობისთვის, რევოლუციის მოწყობისთვის. დადასტურებულია, ამერიკის პრეზიდენტმაც ღიად ისაუბრა ამაზე და რამდენიმე ორგანიზაცია ამისთვის დახურა, რომ თანხებს აგზავნიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქარველოშიც, რომ იქ მოეწყოთ გადატრიალებები. ეს თანხები ხმარდებოდა საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, იმ ტიპის ადამიანების შექმნას, რომელსაც დღეს რუსთაველზე საღამოობით ვხედავთ. მარტივი არ არის, შექმნა ასეთი ადამიანები. ამაზე დიდი თანხები დაიხარჯა, ამაზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებები მოქმედებენ და რეაგირებენ  ამ ყველაფერზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.