თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე კახა გულედანთან ერთად, ბაქოს მერს ელდარ აზიზოვსა და განჯის მერს ნიაზი ბაირამოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ასევე, თბილისსა და ბაქოს, როგორც დაძმობილებულ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, გიმასპინძლოთ თბილისში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ და ორივე ქვეყნის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს. ჩვენ ასევე გვაკავშირებს ურთიერთობები კულტურული მიმართულებით. ამ კუთხით არაერთი პროექტი ხორციელდება, რაც მისასალმებია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისში შენდება ჰეიდარ ალიევის სახელობის დრამის თეატრი. 2023 წელს კი, ქალაქ განჯაში გაიხსნა დიდი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ბაქოელი და განჯელი კოლეგები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ „თბილისობის“ დღესასწაულზე მოიწვია.

თავის მხრივ, ბაქოს მერმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის საქართველოსთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„თითოეული აზერბაიჯანელისთვის ქართველი ხალხი ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას თქვენს ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანელების მიმართ დამოკიდებულებისთვის. მსოფლიოში ყველა ქვეყანა გამოწვევების წინაშეა, ეს ეხება ჩვენს ქვეყნებსაც. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთობების დამყარება. ნებისმიერ წარმატებას საფუძვლად უდევს ადამიანური ფაქტორი. მე ყოველთვის მახარებს თქვენთან შეხვედრა. მიხარია, რომ აქ ვარ“, - განაცხადა ელდარ აზიზოვმა.

ბაქოსა და განჯის მერები თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმის ფარგლებში იმყოფებიან.