საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედში" სტუმრობისას თავდაცვის ბიუჯეტზე და სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ უზრუნველყოფაზე ისაუბრა.

 ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2019 წლიდან, რაც თავდაცვის მინისტრი პრემიერი გახდა, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები დღემდე 45%-ით გაიზარდა.

„თუ ანაზღაურება იყო 900 ლარი, გახდა 1500 ლარი. იანვრიდან ჩვენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს კიდევ 10%-ით გავუზრდით ანაზღაურებას და ჩვენთან მინიმალური დარიცხული ხელფასი 1700 ლარი გახდება. ამას ემატება დანამატები და საშუალო რგოლის სამხედრო მოსამსახურეებზე ეს კიდევ უფრო მეტია. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს პროცესი გავაჩეროთ. ქვეყნის განვითარების პარალელურად ეს პროცესი წინ წავა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უკვე ასრულებს ნატოს იმ მოთხოვნას, რაც დაფინანსებასთან დაკავშირებით მას აქვს წევრი ქვეყნების მიმართ და 2024 წელს თავდაცვის  ბიუჯეტი 26%-ით გაიზრდება. „ჩვენი ბიუჯეტი 2024 წელს 2023 წელთან მიმართებაში გაიზრდება 26%-ით. თუ ჩვენი ეკონომიკა, პირობითად, იზრდება 10%-ით და ეს ძალიან დიდი შედეგია ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი პროპორციულად კიდევ უფრო მეტით იზრდება“, - განაცხადა მინისტრმა.