არავინ იცის, როგორ დასრულდება უსაფრთხოების გლობალური კრიზისი, ამ თვალსაზრისით ძალიან რთული ვითარებაა და ჩვენთვისაც მთავარი გამოწვევა არის უსაფრთხოება, – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება ძალიან სწორად ცდილობს, რაღაც ფრონტალურ დაპირისპირებაში არ შევიდეს არავისთან, არც რუსეთთან, არც დასავლეთთან, არც ჩინეთთან და სამყაროს არცერთ პოლუსთან. ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

შეკითხვაზე, რა მიიღო საქართველომ პრემიერ ირაკლი კობახიძის პირველი საერთაშორისო ვიზიტიდან, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ საქართველო საჭირო გახდა ევროკავშირისთვის და ქვეყნის მთავრობამ შეძლო იმის ჩვენება, რომ მზად ვართ, ვიყოთ პარტნიორები, მაგრამ არის რაღაცები, რომელსაც არ დავთმობთ, ამიტომ, ამ მხრივ, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს სავსებით წარმატებულად უნდა შეფასდეს.

„რა იყო კარგი? პრემიერი ყველას შეხვდა და ძალიან მაღალ დონეზე იყო შეხვედრა, პატივისცემით. მაგალითად, ერთი წლის წინ ყველა მათგანის ტონი იყო უფრო მენტორული, მითითებებზე და წესების შესრულებაზე, ახლა კი აბსოლუტურად თანაბრად მიიღეს, როგორც თავიანთი თანასწორი. ეს არის მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი და კიდევ, რაც მთავარია, იმის შედეგი, რომ საქართველო ლოგისტიკურად სჭირდება დღეს ევროკავშირს; მისი საჭიროების ხარისხი დიდია და მთავრობამ აჩვენა, რომ არის რაღაცები, რასაც ვერ დათმობს. ასე ვთქვათ, საქართველოს მთავრობამ ძალა აჩვენა ევროკავშირის ზოგიერთ კორუმპირებულ ჩინოვნიკს, ვიოლა ფონ კრამონს და ასეთ ადამიანებს. ზოგიერთი არაკორუმპირებულია, მაგრამ, მაგალითად, შარლ მიშელი ძალიან აქტიურად ცდილობდა შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ჩარევას, ისეთი მუხლების ლობირებას, რომლებიც აბსოლუტურად არ არის არც შარლ მიშელის და არც არავის საქმე, გარდა საქართველოს მოსახლეობისა. ეს რიტორიკა, მენტორულ-დიდაქტიკური ტონალობა შეცვალა იმან, რომ მთავრობამ საშუალება არ მისცა, ერთი მხრივ, გაეტარებინა ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი კურსი და, მეორე მხრივ, გააგრძელა იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ პროდასავლური ძალა ვართ. შესაბამისად, მათ მოუწიათ მორგება. ისინი არჩევანის წინაშე დადგნენ, ან უნდა მოერგონ, როგორც ახლა სწორად გააკეთეს და დიდი პატივისცემით მიიღეს ქვეყნის პრემიერი, ან უარი უნდა ეთქვათ ენერგომატარებლების გამოტარებაზე“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.