დასაქმების სააგენტო Jobs.ge-მ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს ვაკანსია განათავსა "დამოუკიდებელი ექსპერტის" თანამდებობაზე.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" აცხადებს კონკურსს წინასაარჩევნო პროგრამის პროექტის დიაგნოსტიკური ნაწილის მაღალკვალიფიციური დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით შესამუშავებლად", - აღნიშნულია სამუშაო აღწერილობაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1) აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური მეცნიერებების, PR-ის ან სხვა შესაბამის სფეროში;
2) აპლიკანტს უნდა ჰქონდეს - (ა) საზღვარგარეთ მიღებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, ან (ბ) არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სამსახურში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში ან/და მსხვილ კერძო ორგანიზაციებში;
3) აპლიკანტმა უნდა წარმოაჩინოს საქართველოში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების სიღრმისეული ცოდნა და ობიექტური ანალიზის უნარი;
4) აპლიკანტმა უნდა წარმოაჩინოს კარგი ანალიტიკური, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
5) აპლიკანტმა უნდა წარმოაჩინოს საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
6) ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური და/ან იტალიური ენის თავისუფლად მცოდნე აპლიკანტები ისარგებლებენ უპირატესობით;
7) აპლიკანტი არ უნდა იყოს დაკავშირებული ან ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან;
8) აპლიკანტი უნდა იზიარებდეს ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორიცაა - ადამიანის ღირსებისა და სხვა ძირითადი უფლებების ხელშეუხებლობა, სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, სოციალური სოლიდარობა, საქართველოს დასავლური კურსის უცვლელობა.
სამუშაოს კონტექსტი, მიზანი და ამოცანები კი შემდეგია:
მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებთან ერთად, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახორციელებს ქვეყნის მართვას კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამის შესაბამისად. "ქართული ოცნების" მმართველობამ თვისებრივად აამაღლა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი და ხელი შეუწყო საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარებას. სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში შეიძინა პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო პროგრამებმა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური დატვირთვა.
მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის შემდგომ განვითარებას და ურთიერთობის გაღრმავებას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ამ მიზნით, პარტია გეგმავს 2016 წლის წინასაარჩევნო პროგრამის პროექტის შემუშავებას მაღალკვალიფიციური დამოუკიდებელი ექსპერტების ფართო ჩართულობით. პარტიის მიერ წარმართული სამუშაო პროცესი საფუძვლად უნდა დაედოს კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის მომზადებას, რომელიც კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან თანამშრომლობით შემუშავდება.
წინასაარჩევნო პროგრამის პროექტის დიაგნოსტიკური ნაწილი უნდა ასახავდეს სიტუაციის სიღრმისეულ და ობიექტურ ანალიზს, რომელიც მოიცავს:
ა) 2012 წლის ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობის შეფასებას;
ბ) 2012-2015 წლებში განხორციელებული ცვლილებების შეფასებას.
კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 60 დამოუკიდებელი ექსპერტი, რომლებზეც თანაბრად განაწილდება დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებული სამუშაო.
სამუშაო პროცესის ფარგლებში, დამოუკიდებელი ექსპერტები განაწილდებიან სამუშაო ჯგუფებში სფეროების მიხედვით. პერიოდულად გაიმართება ჯგუფების სამუშაო შეხვედრები (სულ 4 შეხვედრა), რომლებზეც განხილული იქნება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეხვედრებს შორის მომზადებული დოკუმენტები. გარდა ამისა, გაიმართება 2 ორდღიანი საერთო სამუშაო შეხვედრა ყველა ექსპერტის მონაწილეობით, რომელზეც განიხილება დოკუმენტის სტრუქტურა და პროექტის საბოლოო ვერსია.
სამუშაო პროცესს წარმართავს პარტიის აღმასრულებელი მდივანი პარტიის თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის საერთო ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით.
"აიპრესი" jobs.ge-ზე განთავსებული ვაკანსიის თაობაზე ინფომაციისათვის პარტია "ქართულ ოცნებას" დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პარტიის წევრები, აღნიშნული ვაკანსიის შესახებ მოგვიანებით გააკეთებენ კომენტარს.