საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დღეს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტის საქართველოს სივრცითი მოწყობის პრეზენტაციას დაესწრო. ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, რას უპასუხებს ოპონენტებს, რომლებიც მსგავსი მშენებლობების დროს მისი მიმდინარეობის ტემპს იწუნებენ, მინისტრმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა დაწყებული მშენებლობა პირნათლად შესრულდა. 

"პირველ რიგში მინდა გავაკეთო განმარტება, რომ ისინი არ არიან ოპონენტები. ისინი არიან კრიტიკანები, თქვენ თუ გგონიათ, რომ ვთქვათ რომან გოცირიძე ვინმეს ოპონენტია, ტყუილად ფიქრობთ მაგას. ტემპების დასანახად თქვენ ყოველთვის ყველგან მიწვეულები ხართ. ყველა მონაკევთის გახსნაზე ყველა გხედავთხოლმე. კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოთ ამ ე.წ. ოპონენტებს როცა განცხადებას აკეთებენ, რომ ხაშურამდე გზა ვერ გაუყვანიათო, სულ ყველა იქ იყავით, როცა ჩვენ ეს გზა გავხსენით. ყველაფერი დროში გაწერილია, რა პერიოდიც სჭირდება ვთქვათ წინასაპროექტო დოკუმენტის მომზადებას, რა დრო სჭირდება თვითონ მშენებლობას. ერთადერთი რაც წელს მომივიდა, ეს იყო ის, რომ ივლისში ზესტაფონის ორი ხაზი ვერ გავხსენით. 

ეს სულ სხვა რაღაცასთან იყო დაკავშირებული, დანარჩენი ყველაფერი პირნათლად შესრულდა. იგივე ზესტაფონი ქუთაისის შემოვლით გზას წლის ბოლოს გავხსნით, როგორც შეპირებული იყო",-განაცხადა ჯავახიშვილმა.