"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში "ბასიანის" საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება და უწყებას რამდენიმე შეკითხვით მიმართავს:
"შინაგან საქმეთა სამინისტრო, თქვენს ბრიფინგს ვუსმინე ცოტა ხნის წინ, "ბასიანის" წინ რომ სამი ადამიანი დაჭრეს, მაგ ნაწილს ვეხები მხოლოდ.
ფაქტია - 3 ადამიანია დაჭრილი, მათ შორის ერთი 5 შვილის მამა და ერთი პოლიციელი.
ფაქტია - ვინც ეს ჩაიდინა, ამ ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებდა, ყოველ შემთხვევაშ,ი 5 შვილის მამას ცალსახად, ჭრილობის ფოტოდან ეს აშკარად ჩანს.
ფაქტია - სასამართლომ გირაო შეუფარდა ანუ გარეთ, თავისუფლებაზე გამოუშვა ადამიანი, რომელიც სამ ადამიანს კლავდა ცივი იარაღით!
თავისუფლებაზე გამოუშვა ადამიანი, რომელმაც პოლიციელს დაარტყა დანა (სავარაუდოდ)! ეს ის ფაქტებია, რაც ყველამ იცის, რაც გასაჯაროვდა და რასაც ვერავინ უარყოფს და რა თქვით თქვენ დღევანდელ ბრიფინგზე?
ჩვენი ბრალი არ არის, რომ ამის ჩამდენი გარეთ არისო, ჩვენ ყველა ჩვენს ხელთ არსებული კანონიერი გზა გამოვიყენეთო, ახლა გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციაში და მაინც დავიჭერთო.
გასაგებია, რომ ეს თავის მართლებაა, მაგრამ მთავარი ამ საქმეში სხვა რამეა, კატასტროფული ამ ქვეყნისთვის, ტერმინი რომელიც დიდი ხანია აღარ გვსმენია - პრივილეგირებული ოჯახის შვილი და ამ "პრივილეგირებულობის" გამო უცებ, ძალიან სწრაფად, ყველამ ჩ...ვა და გაჩუმდა, სუნი დადგა ქვეყანაში.
სამი ადამიანის დაჭრაში ეჭვმიტანილი არის თამაზ ქვლივიძე. მამამისი არის პაატა ქვლივიძე, "საქგვირაბმშენის" ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელმძღვანელი "ქართუ უნივერსალის" მოწილე 1996 წლიდან და ცნობილი ზარალას ძალიან ახლობელი არის თუ არა პრივილეგირებული? რეკავდა თუ არა პირადად ზარალა და მამის სამეგობრო ყველგან რომ საქმე "ჩაეფარცხათ"?
რეკავდა მინიმუმ ერთ-ერთი დაზარალებული, რომ ვერ გააჩუმეს "მოაყომარეს" თუ არა სასამართლო? "მოაყომარეს", ეს არის ფაქტები, რომლებიც არ გასაჯაროვდა, მაგრამ ყველამ იცის, ვისაც აინტერესებს.
შს მინისტრი მედალს კი აძლევს დაჭრილ პოლიციელს მაგრამ იქნებ ისიც კითხოს ვინ რეკავდა და რა გზებით ცდილობდა საქმის ჩაფარცხვას? ეს არის ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ასეთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი გარეთ არ დადიოდეს თავისუფლად, არამედ ისიც, თუ ვინ არიან და რა გზებს მიმართავენ შინაურების დასაცავად ე.წ. ‘პრივილეგირებულები’
პ.ს. სანამ ეს ყველაფერი ყველამ ვიცით და ვდუმვართ, შიშის გამო თუ 'ჩერეზ-ჩერეზ ახლობლობის' გამო, მანამდე ამ ქვეყნისგან არაფერი გამოვა",-წერს ჯაფარიძე.