ისრაელის საელჩომ და საქართველოს პარლამენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართეს.

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ დეპუტატები, მთავრობის წევრები, დიპლომატები, ებრაული თემის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ისრაელის ელჩმა ჰოლოკოსტზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ანტი სემიტიზმის ზრდას მსოფლიოში. ის ასევე შეეხო ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას.

"ვფიქრობთ, ჰოლოკოსტის გახსენება, კაცობრიობის ფუნდამენტური მოვალეობაა. წელს ვხედავთ, რომ ანტისემიტიზმი გლობალურად შემაშფოთებელ სიმაღლეებს აღწევს. მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარს ანტისემიტური შეხედულებები აქვთ. საქართველოშიც, სადაც ებრაულ საზოგადოებასთან თანაცხოვრების შესანიშნავი მემკვიდრეობა და კულტურა გვაქვს, მაინც ვხედავთ ანტისემიტური სტერეოტიპების ზრდას. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია , რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ განათლებაში ამ ყოველივესთან საბრძოლველად. უნდა აღვნიშნო, რომ ამ წუთებში მოქმედებს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი . ჩვენთვის შვებაა, რომ 7 მძევალი- ქალი მძევლები გათავისუფლდნენ და დაბრუნდნენ შინ, ველით დანარჩენი მძევლების გათავისუფლებას", - განაცხადა ჰადას მეიცადმა.