ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა, – წერს საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში.

„ტერორიზმი არავის ინდობს,  განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა თუ ასაკისა. ამ საზარელ მოვლენას, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს ისრაელის ცენტრში, თელ-ავივში, შვიდი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმთან და მის წამყვან მხარდამჭერ – თეირანის რეჟიმთან ბრძოლაში“, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თელ ავივში, იაფას რაიონში სროლის დროს დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე დაშავებულია.  თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.