„ჭიჭე, კარგი ხარ!“ - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან წამოაყენა წინადადება, რომ ვინც სხვა გამომსვლელს საუბარს შეაწყვეტინებს, დარბაზიდან გააძევონ.
„ერთი რამე მინდა გთხოვოთ, იყო აქ კონსტრუქციული წინადადება - გამოვიდეს მომხსენებელი, იყოს კითხვა-პასუხი, მაგრამ შევთანხმდეთ, წამოძახილები, შეწყვეტინებები, რასაც უმრავლესობის წევრები აკეთებენ, ეს გააკონტროლეთ. ვინც წამოძახებებში შევა, გაიყვანეთ ოთახიდან, ხალხს აინტერესებს კონკრეტულ საკითხებზე პასუხი. მნიშვნელოვანია, ყველა შინაარსობრივ საკითხზე ვიმსჯელოთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს დაეთანხმა და თქვა, რომ ვინც სხდომაზე ობსტრუქციას მოაწყობს, უნდა გააძევონ.
„რა შთაბეჭდილება მრჩება - ოპოზიციას არ აქვს სურვილი, აქ მსჯელობა გაიმართოს და საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს, ეს შთაბეჭდილება დამრჩა. გაოცებული ვარ, ბატონ "ჭიჭეს" ვეთანხმები - ვინც მომხსენებელს ხელს შეუშლის და დაიწყებს ობსტრუქციას, გაძევებული იქნას დარბაზიდან. მორჩა! "ჭიჭე", კარგი ხარ!“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, მათი ინტერესი საკითხის განხილვაა.
„გავუფრთხილდეთ დროს. შევთანხმდით. ჩვენი ამოცანაა, რომ საკითხი განვიხილოთ და საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახოს დისკუსია. თანმიმდევრულად და კონსტრუქციულად ვიმუშაოთ, თუ ამის ინტერესია“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.