საქართველოს კანონი ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საარჩევნო პროცესებში ჩარევა მიუღებელია, ელჩებს მოვუწოდებ, იქნებ, კანონი დაიცვან და გაიაზრონ, რომ მათი უარგუმენტო და არასწორი ქარდები არაფერში წერია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„მგონი, ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოები აცნობიერებენ, რომ „ნაცების“ გარდა, ეს უსამშობლოები საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთნენ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ელჩი და დანარჩენი გაერთიანების „საძმოს“ წევრები ჩვენს ქვეყანას უტევენ. არადა, კანონი ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შიდა საარჩევნო პროცესებში ჩარევა მიუღებელია. ელჩებს მოვუწოდებ, იქნებ, კანონი დაიცვან და გაიაზრონ, რომ მათი ქარდები და თან უარგუმენტოდა არასწორი, არაფერში წერია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, საელჩოები წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული, რისი უფლებაც არ აქვთ.
„გვესმის, რომ მათი აგენტურა აგებს, აგენტურას მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომაც არიან შეშფოთებულ-აღშფოთებული და წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული, რისი უფლებაც არ აქვთ. დემოკრატიები ოპოზიციას არ აუქმებენო. ვინც უსამშობლოა, ყველა წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული. ვისზე ლაპარაკობენ? საქართველო უკრაინასა და მოლდოვაში ხომ არ ერევათ, სადაც თავისუფლება და მედია შეზღუდულია. საქართველოში ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ თავიანთი აზრი და გეგმა წარმოადგინონ. ამდენი უსამშობლოდ ტელევიზია არასოდეს ყოფილა. ეს ქვეყანა დემოკრატიულია და არაფერი აგერიოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სოციალურ ქსელში მორიგი "ქარდი" გამოაქვეყნა, სადაც წერია: „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“.