„რუსთავის საქალაქო სასამართლოში, რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა დამარცხდა უმცირესობაში მყოფ „ქართულ ოცნებასთან“. სასამართლომ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას კოალიციური საკრებულო ორი წლის განმავლობაში კანონდარღვევით, ხელოვნურად აფერხებდა რუსთაველების ინტერესებს და ხელს უშლიდა ქალაქის განვითარებას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, რუსთაველების წინაშე ჩადენილი ეს კანონდარღვევა იყო აბსოლუტურად გააზრებული და წინასწარ ჯგუფურად დაგეგმილი.
ირაკლი შატაკიშვილის შეფასებით, ქართულ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონდამრღვევი პოლიტიკური წარმონაქმნების ადგილი არ არის, ხოლო რუსთავის საკრებულოში არსებული „ნაცების“ და გახარიას კოალიცია იმის ნათელი მაგალითია თუ რამდენად ერთნაირად უშლიან ხელს ეს ადამიანები რუსთავის განვითარებას.
„დღეს რუსთავისთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს რუსთავ-თბილისის დამაკავშირებელი ფონიჭალის ავტობანის მონაკვეთი, რომელიც სწორედ მათი ლიდერის პრემიერობის დროს დაკონსერვდა და ქალაქს ეკონომიკური პოტენციალის მოტანაში ხელი შეუშალა. ასევე მათ დროინდელ გამოწვევებთან გვიწევს დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამკლავება, როდესაც ვსაუბრობთ რუსთავის წყალმომარაგებაზე. ამათი საკრებულოს თავმჯდომარე იყო იმ დროს წყალმომარაგების კომპანიაში ხელმძღვანელ პოზიციაზე და არაფერი რაციონალური მას არ გაუკეთებია. ახლა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გვიწევს ამ პრობლემასთან გამკლავება და დროის კარგვა. რუსთავში არსებული „ნაცგახარიების“ ერთობა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ქართულ საზოგადოებას მათმა ხელისუფლებაში მოსვლამ ნებისმიერ დონეზე, იქნება ეს ცენტრალური თუ ადგილობრივი, რასაც „ქართული ოცნება“ არასოდეს დაუშვებს“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.