„როცა 2022 წელს ომი დაიწყო, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი გვაქვს, იმ დროისთვის ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, უვიზო მიმოსვლა გვაქვს, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან და უკრაინაში ეს საშინელი ომი იწყება. მანამდე თუ გვეუბნებოდნენ, თუ მოდიხართ ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, ადრეაო, უცებ გვეუბნებიან, რომ მოდი ახლა დაგველაპარაკეთო. - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში "იმედის კვირა" განაცხადა.
"რატომ გადმოწიეს? ჩემი ვარაუდია, რომ საქართველომ რაღაც არ გააკეთა, რისი გაკეთებაც უნდოდათ. ნამდვილად ვიცით, რომ უნდოდათ [რუსეთისთვის] სანქციები დაწესება და სამხედრო დახმარება [უკრაინისთვის] და ამაზე რომ უარი მიიღეს, უეცრად დაგვაჯილდოვეს. ანუ, „ცუდად“ მოვიქეცით და დაგვაჯილდოვეს - მოდით უფრო ადრე მიგიღებ ევროკავშირშიო. მე მაშინვე შემეშინდა, იმიტომ, რომ მე ეს მივიღე როგორც ჩვენი დასჯის პირველი ნაბიჯი. შევიტანეთ განცხადება ჩვენ, მოლდოვამ და უკრაინამ. ჩვენ ყველაზე წინ ვართ, ყველაფრით; თავისუფალი მედია არ დარჩა უკრაინაში და მოლდოვამ 4 ოპოზიციური არხი დაკეტა ისე, რომ არავის ამოუღია ხმა. რატომღაც მარტო ჩვენი მედიის პრობლემა აქვთ და უკრაინასა და მოლდოვაში რა ხდება, საერთოდ არ აწუხებთ. ამის მერე ხდება ის, რომ ჩვენ გვეუბნებიან უარს, კანდიდატის სტატუსს მოლდოვა-უკრაინას აძლევენ და არაფერს გვიხსნიან, რის შემდეგაც წარმოუდგენელი არეულობა იწყება საქართველოში და ამაში ჩართულები არიან ჩხიკვების და დათვების დამცველი ორგანიზაციები, ჩართულია მედია, ოპოზიცია და დასავლეთიც, თუმცა მისი მონაწილეობა მაშინ ნაკლები იყო. ეს ერთი არეულობა გამოვიარეთ, საქართველო ვერ ამოატრიალეს და მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ამის შემდეგ გამოაქვეყნეს ანალიზი, სადაც ჩანს, რომ ჩვენ ყველაფერში ვჯობივართ იმ ქვეყნებს, ვისაც სტატუსი მისცეს. ანუ მოხდა გადათელვა იმ ფუნდამენტური ღირებულებების, რის გამოც ჩვენ ევროპაში გვინდა შესვლა. მე მესმის, რომ უკრაინის ომი საშინელებაა და მთელი მსოფლიო უზარმაზარი სტრესის ქვეშაა, მაგრამ ეს ჩვენ განსაკუთრებულად მძიმედ ვიწვნიეთ.
ამის მერე, მეორე რაუნდი იწყება გამჭვირვალობის კანონის გარშემო და რომელიც იმ წუთში რუსულ კანონად ინათლება. არავინ გვეუბნება რატომაა რუსული, გვეუბნებიან, რომ პოლემიკაში არ შემოვლენ და ამის გარშემო ხდება უზარმაზარი არეულობა. ახლა ვართ იქ, როცა გეუბნებიან, რომ აღარ გიღებთ [ევროკავშირში]. იციან, რომ საქართველოში ამას დიდი არეულობა მოჰყვება, გეუბნებიან, რომ უნდა დაგასანქცირონ, დაგსაჯონ და მე ვამბობ, რომ ეს არ არის ის, რატომაც ჩვენ ევროკავშირში შევდიოდით. ეს არ ჰგავს ორი მეგობრის ერთმანეთთან გაწვდილ ხელს, ხანჯლით შეგდება ბედნიერებაში არ არის ის, რატომაც ჩვენ ევროკავშირში უნდა მივდიოდეთ, მითუმეტეს როცა ამას დოგმატური ხასიათი აქვს მიცემული - რამეს თუ ამაზე იტყვი და ალბათ მეც მოვხვდები აქ, იმ წუთში ქვეყნის მტერი ხარ, ამის გარჩევა არ შეიძლება და ასე გიჟებივით მივდივართ. ახლა უკვე ამას ღიად მოება დასავლეთი, ამაში ღიად არის ჩართული პრეზიდენტი და გვეუბნებიან, რომ არჩევნებში არავის ვირჩევთ, ვირჩევთ საქართველოს მომავალს. ანუ, დღეს უნდა აირიოს აქ ქვეყანა იმისთვის, რომ ყველაზე კარგ ვარიანტში 6 წელიწადში რაღაც ორგანიზაციის წევრები გავხდებით, ან არ გავხდებით. უნდა აირიოს ქვეყანა, რომელიც ფუნდამენტურად კარგად ვითარდება, არ გავმდიდრებულვართ მაგრამ ვმდიდრდებით და ეს ყველაფერში ჩანს. ჩანს იმ 40 000 ადამიანში, რომელიც ფეხბურთის საყურებლად გერმანიაში წავიდა, ეს ჩანს ახალი მანქანების რაოდენობაში, ბინების მშენებლობაში, მიწის ფასის ზრდაში, რეგიონებში ეს ნიშნავს, რომ გლეხობა მდიდრდება. უამრავი რაღაც არის გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ ვვითარდებით და რაც მთავარია მშვიდობა გვაქვს. და, ახლა, მე თუ ევროკავშირში მიმათრევენ იმის გამო, რომ მშვიდობა არ დავარღვიე, კარგად უნდა დავფიქრდე მინდა თუ არა იქ დღეს შესვლა“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.