„26 მაისი არის თანამედროვე დემოკრატიული საქართველოს დაფუძნების დღე და ჩვენ ვზეიმობთ 26 მაისს, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს დაბადების დღეს“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ეს არ არის ერთადერთი დღე, რომელიც საქართველოს ისტორიას ამშვენებს.
„საქართველოს აქვს სამიათასწლოვანი ისტორია და მთელი ეს ისტორია გაჟღენთილია ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლით. ჩვენი რწმენისა და ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის ბრძოლით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარე იმ პოლიტიკური ძალების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას აკრიტიკებენ.
„საქართველოს მიმართ გარკვეული პოლიტიკური წრეების მხრიდან კრიტიკა გვესმის. „ვაიმარის სამეულის“ განცხადებაც ამას ემსახურებოდა, რომ ისინი გმობენ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას. ოღონდ, როგორც სამწუხარო ტრადიციად დაამკვიდრეს, არასდროს კონკრეტდება, რაში გამოიხატება დემოკრატიისგან უკუსვლა. იმაში, რომ ოპოზიცია არასდროს აღიარებს დამარცხებას და ამ დამარცხების გასამართლებლად მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები მოჰყავს? თუ იმაში გამოიხატება დემოკრატიის უკუსვლა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიის უპირობო მოთხოვნაა გამჭვირვალობა ყველგან და ყველაფერში, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებაში, ეს გამჭვირვალობაა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისგან უკუსვლა? თუ უკუსვლა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალს ქალი ჰქვია, კაცს - კაცი და ოჯახი, რაც ღმერთმა შექმნა და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არსებობს, სწორედ იმ წესითაა ჩვენს ქვეყანაში დაკანონებული? თუ დემოკრატიისგან უკუსვლაა, როდესაც მედია თავისუფალია? და თუ ოპოზიციური მედია იხურება, იხურება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ოპოზიციური მედიის მესვეური მისსავე მედიას ძარცვავს და მილიონობით თანხას ჰპარავს. თუ ის, რომ პოლიცია აღკვეთს პირდაპირ შეტევასა და შტურმს ქალაქზე, პარლამენტზე, პოლიციაზე, ეს არის დემოკრატიისგან უკუსვლა? თუ დემოკრატიისგან უკუსვლაა ის, როდესაც იმავე უცხოური დაფინანსებით ხდება საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის წახალისება,ზიზღისა და დაპირისპირების ენისა და პოლიტიკის გატარება?“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიული გამოცდილება დღეს ისე ცოცხალია ქართველ ხალხში, როგორც არასდროს.
„ჩვენ, ამ ჩვენი ათასწლოვანი ისტორიული გამოცდილებით ვცხოვრობთ დღეს და ვიბრძვით მომავლისთვის. ეს ბრძოლა ყოველთვის დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით და გამარჯვებულ ქართველ ხალხთან ექნება ურთიერთობა ევროპას, აზიას, ყველას, ვისაც მართლა სურს ჩვენთან ერთად კეთილმეზობლური თუ ფასეულობებსა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.