პარლამენტში ხვალიდან საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა გაგრძელდება.
მმართველი გუნდის ინიციატივა კომიტეტებზე გადის. ახალი რედაქციის მიხედვით, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესი. თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნებიც, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები. მათი წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის ან გაუქმების საფუძვლები კი იცვლება. პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი.
რაც შეეხება უპარტიო კანდიდატს, მას საინიციატივო ჯგუფი წარადგენს. მმართველი გუნდი საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებასა და გარე ჩარევის შეზღუდვაზე საუბრობს. აქცენტს აკეთებს ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობაზე.
"ზოგადად, საარჩევნო კოდექსის სამართლებრივ, იურიდიული მხარის მოწესრიგება მიმდინარეობს. რაც შეეხება საკითხს, რომელიც არის მსჯელობის საგანი, ანუ ხმის მიცემა საქართველოს მოქალაქეს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ მუდმივად ხდება მცდელობა, მანიპულაცია და ზეწოლა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც უცხოეთში იმყოფება, დროებით ემიგრაციაში არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საბოლოო ჯამში, საქართველო გახდეს ემიგრანტების უკან დაბრუნების ადგილი," - აღნიშნა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.




