მთავრობის სახელით უცხოეთში პრეზიდენტს იმიტომ არ უშვებენ, რომ შეიძლება უზარმაზარი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს სულ მცირე, ორ ქვეყანას შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „LCI-სთან“ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს კომენტირებისას გაუცხადა.

„კიდევ კარგი, რომ იცის მათ შორის ბევრმა სახელმწიფომ, რომ პრეზიდენტი არ არის ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები და არ წარმოადგენს მთავრობის პოზიციას. მერე კიდევ ისმის ხოლმე კითხვა, რატომ არ უშვებთ ყველგან უცხოეთში მთავრობს სახელითო - იმიტომ, რომ შეიძლება ასეთი უზარმაზარი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს სულ მცირე, ორ ქვეყანას შორის.

მომავალ კვირას მაგალითისათვის, ბაიდენმა მიიწვია სი ძინ პინი და მათ ექნებათ შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აზია წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ასეთი ადამიანი, როგორიც ქალბატონი სალომეა, არ არის ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.