ახალი ამბავი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც, დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიხალხური პოლიტიკა აწარმოონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ფარას“ კანონი იძლევა საშუალებას, რომ ყოველ ჯერზე „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა საზოგადოებისთვის ხილვადი გახდეს.

„ფარას“ კანონი გვაძლევს ხოლმე საშუალებას, რომ ყოველ ჯერზე მათი ეს საქმიანობა დავინახოთ და საზოგადოებისთვის ხილვადი გავხადოთ. აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ „კამიტის“, ამ ქიმიური მოწამვლის ეს შეთითხნილი ისტორია ორკესტრირებული და ერთიანად ორგანიზებულია. იქ ხდება გამოყენება აქ ვითომ ჩატარებული კვლევებისა, აბსოლუტურად აცდენილი და მოყვანილი მონაცემების – ჩახუნაშვილების მიერ ჩატარებულ კვლევაზე მაქვს საუბარი. შემდეგ, ამის ასე ვთქვათ დრამატული სახით წარმოჩენა „ბიბისის“ მეშვეობით, და მათ შორის ორკესტრირებულად ხდება, ამერიკულ მედიაში ამაზე აქცენტების გაკეთება და ქვეყნის შიგნით რა პანიკის აწევა უნდათ, ეს ყველამ ვიხილეთ. ამიტომ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რაზეც არაერთხელ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ითქვა, ისეთი ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგადაც გარკვეული პოლიტიკის გატარება უნდათ, დემოკრატიული არჩევნების შედეგების შეცვლა სასურველი მიმართულებით იყენებენ სწორედ სპეცოპერაციებისათვის დამახასიათებელ ჰიბრიდული ომის ყველა ელემენტს. აქ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი რგოლი არის ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ „ბიბისის“ სიუჟეტით, მასზე აყოლილი სხვადასხვა იაფ გარე თუ შიდა რესურსებით და სხვადასხვა პოლიტიკოსების განცხადებებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის „ფარას“ გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ საქმიანობაზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“, ლობისტური ჯგუფის საშუალებით, პიარკამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. დოკუმენტში საუბარია ლობისტების მიერ გამართულ შეხვედრებზე მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან. მედიასაშუალებებს შორის ჩამონათვალშია: Washington Examiner, Reuters, Newsmax, The Hill. დოკუმენტების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა კონგრესმენებისა და სენატორების ოფისებთან, ასევე კომუნიკაცია ჰქონდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აშშ-ში ლობისტური კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough LLP-ი 360 ათას დოლარად დაიქირავა.