პრეზიდენტი კონსტიტუციიდან გასულია, მცდელობაა, ხალხს შეასაღონ, რომ არსებობს ახალი მიზიდულობის ძალა, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. მესამე ცენტრი გარე დაკვეთაა.

„დიდი ხანია, ვამბობდით, რომ შეურიგებლებსაც აიძულებდნენ, ერთად დასხდომას, რათა რამენაირად ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახონ და ე.წ. მესამე ცენტრის იმიტაცია შექმნან. ეს არის გარე დაკვეთა და სწორედ გარე დაკვეთით ხდება მათი იძულება, რადგან არც ერთ ამ პოლიტიკურ ძალას თავისი დამოუკიდებელი მოქმედების ისტორია და უნარი არ აქვს. ეს არის მცდელობა, ხალხს შეასაღონ, რომ ისინი არიან ახალი მიზიდულობის ძალა, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდნენ.

კარგად ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ელექტორატს ვერ გასცდება, მაგრამ არც ეს პარტიები გადალახავენ ბარიერს ცალ-ცალკე. პრეზიდენტი კონსტიტუციიდან გასულია. ეს ტვირთი თავის თავზე სალომე ზურაბიშვილმა აიღო, რადგან უნდათ, რომ გაერთიანებას რამენაირად სოლიდურობა შესძინონ. ხალხი ხედავს, რომ ისინი, ვინც ერთმანეთს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ, დღეს ერთად სხდებიან და სკამების გამო? – უნდათ, რამენაირად სალომე ზურაბიშვილის საშუალებით ამ პროცესს სოლიდურობა შემატონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება. „საჭიროა, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი გავამარტივოთ – პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამის მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალურმა მხარემ, ამ პროცესს ხელი შევუწყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.