პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ზოგიერთმა ქვეყანამ და დიპლომატიურმა უწყებამ დაარღვია დემოკრატიისა და დიპლომატიის წესები და უხეშად დაიწყო ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში.

"ელჩები კი არა, საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიოდნენ. ზოგადად, არსებობს ქვეყნების სუვერენიტეტის მცნება, დაივიწყეს, რომ არსებობს დიპლომატიური წესები, დაივიწყეს, რომ არსებობს დემოკრატიული წესები, რომ არ შეიძლება სხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში უხეში ჩარევა.

მიზანი იყო ერთი - ნებისმიერ ფასად ქვეყანაში მათი სასურველი რეჟიმის მოყვანა. როდესაც მიზანი ასეთია, რა თქმა უნდა, იქ არცერთი განცხადება არ იქნება ობიექტური შეფასებისათვის განკუთვნილი.

ყველა განცხადება არის წახალისებისთვის რევოლუციური, საპროტესტო და პოლარიზაციისკენ მიმართული", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.