მაიკლ მაკფოლს რატომ ახსენდება პერიოდულად საქართველო კრიტიკისთვის? მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირნათელი ქვეყანაა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იცავს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი  თქმით, მაკფოლმა საქართველოს მიმართ დადებითი მესიჯი ერთხელ მაინც უნდა თქვას, რაც უფრო რელევანტური იქნებოდა.

„შორდება თუ არა დასავლეთს საქართველო? საქართველო არავის შორდება. საქართველო ყოველთვის ხელგაწვდილია. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი მხარეც იყოს მზად იმისთვის, რომ ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ გაწვდილი ხელი დანახული და ჩამორთმეული იყოს, ეს არის საქართველოს ისტორიული პოზიცია.შენს ქვეყანაზე არასახარბიელო რაღაცას რომ ამბობენ, კარგია, მასზე რეაგირება გქონდეს. ოპოზიციას საქართველოს ინტერესების დაცვის მიზანი რომ ჰქონდეს, მაშინ ეს რეალობა არ იქნებოდა და ოპოზიციის მდგომარეობა სახარბიელო იქნებოდა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს ეშინია თუ არა სანქციების, მას სანქციების რომ შეშინებოდა, ამერიკის ყოფილი ელჩი ბიძინა ივანიშვილისგან სხვა ინფორმაციით წამოვიდოდა და ამის შემდეგ, მარტიდან მისი თანხები აღარ იქნებოდა ფაქტობრივად დაბლოკილი საერთაშორისო სასამართლოებში მოგების მიუხედავად. ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია. თუ რამის ეშინია, ეს არის საქართველოში ისეთი რაღაც არ მოხდეს, რაც 2008 წელს მოხდა. მხოლოდ ამის ეშინია და ამის პრევენციისთვის მუშაობს.

საქართველომ ყველა საერთაშორისო დავა მოიგო. ტალიავინის კომისიამ საქართველოს ბრალი დასდო და რაც „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერით რეზოლუციაში აისახა, ეს ყველაფერი დღეს გაქარწყლებულია. სამართლებრივად საქართველოს ამ აგრესიასთან დაკავშირებით მყარი პოზიცია გააჩნია. ქვეყნის შიდა საკითხია, რომ ყველაფერს პასუხი გაეცეს. ყოველთვის შეიძლება, მორალურ-პოლიტიკური შეფასება გაკეთდეს. ალბათ, 2024 წელს ხალხის მიერ საბოლოო მორალურ-პოლიტიკური შეფასება იქნება გამოტანილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „ხელისუფლებამ სახელმწიფოს და ჯარის ინტერესები ეფექტიანად დაიცვა, ახლა გვაქვს შესაძლებლობა, გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც „ნაცმოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი შეთანხმებული არიან – რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო“.