პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობა გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს, რადგან დაფინანსებები ძირითადად არამართლზომიერი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენებოდა.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის მიმართულებით არაფერს ზღუდავს.

„მათი გაღიზიანება გასაგებია, მაგრამ ჩვენ გვინდა, საქართველოში შემოსული დაფინანსება გამჭვირვალე იყოს. როგორც ამბობენ, ეს დაფინანსება საუკეთესო მიზნებისთვის არის განკუთვნილი და რატომ იწვევს ასეთი დაფინანსება ასეთ გაღიზიანებას? ეს კითხვა ბევრჯერ დაისვა, რასაც ამერიკამ გასცა ნათლად პასუხი, როცა თქვეს, რომ რამდენიმე ორგანიზაციას გააუქმებენ. ახლა გლობალური საინფორმაციო ზედამხედველობის დიდი პროგრამა გააუქმეს, რაც ემსახურებოდა იმას, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ფერადი რევოლუციები მოეწყოთ ან სიტყვის თავისუფლება შეეზღუდათ. ჩვენ დემოკრატიის მიმართულებით არაფერს ვზღუდავთ. პირიქით, დემოკრატიის გამჭვირვალობას და დაცვას ვითხოვთ. მათივე წაქეზებით და წახალისებით მოხდა, რომ ოპოზიციამ 61 მანდატი ლამის მიატოვა. როგორც წესი, გარე მუქარას იყენებენ, რადგან შიგნით ოპოზიციას რესურსი არ აქვს. დემოკრატია ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ყველასთვის თანაბარი წესების უზრუნველყოფას. ის, რაც მათ ქვეყნებშია მიუღებელი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, საქართველოში მიღებული იყოს. მათ ქვეყანაში ისეთ კაპიკს ვერ დახარჯავთ, რაც ფარული იქნება და არა გამჭვირვალე და მათი მთავრობის მიერ მოწონებული“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.