საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გამჭვირვალობა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა ევროკავშირის შიგნითაც პრობლემურია.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს ბევრი კითხვის ნიშანი და სკანდალური მიგნებები აქვთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებასთან, მათ მიზნებთან და ამ დაფინანსების სქემებთან დაკავშირებით.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოში ეს საკითხი კარგა ხანია, დღის წესრიგში დგას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური დღის წესრიგის შემოქმედები და გამტარებლები გახდნენ, მათ შორის ისეთი რადიკალური დღის წესრიგის, როგორიც სხვადასხვა ტიპის რევოლუციების მოწყობაა“.

„ჩვენი მოთხოვნა თავიდანვე იყო სამართლიანი, კანონიერი და ევროპული ფასეულობების გაგრძელება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ევროპული ფასეულობა შეიძლება, ფარისევლურად იყოს გამოყენებული ამ შემთხვევაში საქართველოში. მაგალითად, გამჭვირვალობა ეს არის რუსული პუტინისტური მოვლენა. რატომ არის რუსული და პუტინისტური მოვლენა? თურმე იმიტომ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს პრაქტიკიდან თუ გამოვალთ, ძირითადად პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნით არიან დაკავებული. ხშირ შემთხვევაში, არჩევნების დისკრედიტაციით და ამის შემდეგ სხვადასხვა რევოლუციის მოწყობით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ანტიევროპული და ანტიკანონიერი ქმედება და ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას, მით უმეტეს იმ სულისკვეთებას, რასაც ევროპა ჰქვია. აქედან გამომდინარე, ამ დაფინანსების გამცემებს და მიმღებებს არანაირად არ აწყობდათ ამის გამჭვირვალობა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასეთი ტიპის დაფინანსებები აკრძალა, USAD აღარ არსებობს, თუმცა ევროპაში ეს პრაქტიკა არის. თან ვხედავთ, რომ ეს არის მრავალმილიონიანი, ლარებში თუ გადმოვიყვანთ. ფაქტობრივად, თითო მილიონი ევრო, რომელიც ამ ორგანიზაციებს ჩამოურიგეს – დაახლოებით 3-მილიონლარიანი დაფინანსებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო თანხის ცოდნა, არამედ გადმორიცხული ევროები რა კონკრეტულ მიზნებსა და საჭიროებებს მოხმარდება. ჩვენი კანონმდებლობა გამჭვირვალობის ამ ხარისხს უზრუნველყოფს. ვთხოვ ყველას, ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ, რომ გამჭვირვალობა არის ევროპული ცივილიზებული მოთხოვნა და არა რუსული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.