9 აპრილის აქციაზე მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის. ეს იყო მთავარი პოლიტიკური მდგენელი, რაც მოსკოვისთვის ყველაზე უფრო მიუღებელი იყო, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში, 9 აპრილის მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, სადამსჯელო ოპერაციის განმაპირობებელი სწორედ ის იყო, რომ ეს აქცია არა შიდა, ეთნიკური დაპირისპირების ხასიათს იღებდა, არამედ ეს იყო აქცია, რომელიც მიმართული იყო თავისუფლებისაკენ და დამოუკიდებლობისაკენ.

"ყოველი წელი, როდესაც 9 აპრილი ახლოვდება, ბუნებრივია ჩვენ ვიხსენებთ იმ პოლიტიკურ ვნებათაღელვას, რაც მას წინ უძღოდა და რა თქმა უნდა, იმ ტრაგედიას, რომელიც უშუალოდ გამთენიისას დატრიალდა რუსთაველის გამზირზე.

პოლიტიკა ვახსენე და ამ მდგენელს მინდა ხაზი გავუსვა. მოგეხსენებათ, რომ 9 აპრილის ვნებათაღელვას წინ უძღოდა აფხაზეთში, გარკვეული სეპარატისტული ძალების მიერ გაკეთებული განცხადებები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოდან გასვლის თაობაზე. მოკლედ, სეპარატისტული განცხადებები იყო, რომლებიც, რა თქმა უნდა, მაშინ მოსკოვიდან ნაკვები, წაქეზებული და თავიდან ბოლომდე მათი მფარველობის ქვეშ იყო. პირველი რეაქცია იყო სწორედ ანტიაფხაზური განწყობების დემონსტრირება და მე ახლა კონკრეტულ სახელებს და გვარებს მოვერიდები, მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა გავაპროტესტეთ და ითქვა, რომ არ შეიძლება ამ მიტინგებს მიეცეს ანტიაფხაზური ხასიათი, რადგან ეს უნდა მოსკოვს, რომელიც სეპარატისტული ხასიათის დაპირისპირებებით ცდილობდა საქართველოს, როგორც დამოუკიდებლობისკენ მსწრაფი ერი ჩაბმულიყო ამ ეთნოკონფლიქტებში.

ეს მეტწილად მოხერხდა და 9 აპრილმა მიიღო არა ანტიაფხაზური, როგორც ეს შეიძლება ჩაფიქრებული ყოფილიყო მოსკოვის მხრიდან, არამედ ანტიიმპერიალისტური ხასიათის აქცია გახდა. იქ მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ჩვენ ვიბრძვით არა რომელიმეს წინააღმდეგ, აფხაზის, ოსის ან სხვა ერის წინააღმდეგ, არამედ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის. ეს იყო მთავარი პოლიტიკური მდგენელი 9 აპრილის აქციისა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაზე უფრო მიუღებელი მოსკოვისათვის, იმ რეჟიმისათვის და სადამსჯელო ოპერაციის განმაპირობებელი სწორედ ის იყო, რომ ეს აქცია არა შიდა, ეთნიკური დაპირისპირების ხასიათს იღებდა, არამედ ეს იყო აქცია, რომელიც მიმართული იყო თავისუფლებისაკენ და დამოუკიდებლობისაკენ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.