პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს. ირაკლი მეზურნიშვილმა დიპლომატს იაპონიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე საუბრისას, მხარეებმა იაპონიის ქალაქ ჰინოსა და საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტს შორის დაძმობილების იდეა განიხილეს. აღინიშნა, რომ ისევე როგორც კასპი, იაპონიის ქალაქი ჰინოც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მდიდარი დასახლებაა. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი წლის დასაწყისში, ორ ქალაქს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდება.

პარლამენტის წევრისა და იაპონელი დიპლომატის შეფასებით, ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის დაძმობილების პროექტი საქართველო-იაპონიის თანამშრომლობასა და ურთიერთობებს კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის.