NDI-ს გამოკითხვის მიხედვით, პარტიების ინდივიდუალურად შეფასების თხოვნაზე,მხოლოდ 4%-მა დაასახელა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა, ხოლო 12%-მა სხვა პატარა ოპოზიციური პარტიები დაასახელა, რაც პოლიტიკის ანალიტიკოსის, ირაკლი მელაშვილის შეფასებით, პარტიაში არსებული განხეთქილების შედეგია. მისივე განცხადებით, ხელისუფლების ალტერნატივა ოპოზიციაში, ამ დრომდე არ გამოჩნდა.
ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილთან არანაირი პიროვნული დაპირისპირება არ აქვს, თუმცა ის ნაკლებად სერიზულად ჩანს მმართველი პარტიის ალტერნატივად.
„საქართველოში, ხელისუფლებები ყოველთვის იცვლებოდა, არა იმისდა მიხედვით, რამდენად არ მოსწონდა ხელისუფლება ხალხს, არამედ იმის მიხედვით, იმედს აჩენდა თუ არა ოპოზიცია, ცვლილების შემთხვევაში, უკეთესობა დადგებოდა. რომ გადახედოთ ჩვენს ისტორიას, ცვლილება ყოველთვის მას შემდეგ ხდებოდა, როდესაც ალტერნატივა გამოჩნდებოდა უფრო მიმზიდველი, ვიდრე იყო არსებული ხელისუფლება. არავისთან პიროვნული არაფერი არ მაქვს, მაგრამ ნაკლებად სერიზულად ჩანს მოსახლეობის თვალში ხაბეიშვილი, როგორც ალტერნატივა მმართველი პარტიის და წარმოდგენა იმისა, რომ ხვალ ხაბეიშვილს ჩავაბარო სახელმწიფოს მართვა. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ არანაირი პიროვნული დაპირისპირება არ მაქვს.
ვფიქრობ, რაც მოხდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს განხეთქილება ბუნებრივი პროცესი იყო, იმ დაპირისპირების ფონზე, რაც წლების განმავლობაში არსებობდა. ამან კიდევ უფრო ავნო „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს კვლევა მაშინაა ჩატარებული, როცა არსებული განხეთქილება ზენიტში იყო და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამის გამოძახილი იყო (იგულისხმება 4%-იანი რეიტინგი). ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადალახავს ბარიერს, მაგრამ მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ეს იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა“,-აცხადებს, ირაკლი მელაშვილი.