ობიექტური შეფასებები სადაც კეთდება, საქართველო ყველგან არის მოწინავე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყანა და მათ შორის, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ფონზე არაობიექტური განცხადებებია საქართველოს მიმართ, რასაც მხოლოდ პოლიტიკური სარჩული შეიძლება ჰქონდეს.

„ობიექტური შეფასებები სადაც კეთდება, საქართველო ყველგან არის მოწინავე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყანა და მათ შორის, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას, უსაფრთხოებას, ეკონომიკას. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე და ეს არის ობიექტური შეფასება. თუმცა ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოზეც.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც ადამიანით ვაჭრობის აღმოსაფხვრელადაა საჭირო. საანგარიშო პერიოდში მთავრობის მიერ სერიოზული და მდგრადი ძალისხმევის დემონსტრირების გამო, საქართველო „პირველ დონეზე“ (Tier 1) დარჩა“.