დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად მოვინახულეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ასევე, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღჭურვილობა. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. დაახლოებით, 20 000-ზე მეტია უკანონო არალეგალი მიგრანტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის დაგროვილი სტატისტიკა. უკვე შარშან, გასული 1 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან მოახერხა იმაზე მეტი უკანონო მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ტემპები უნდა დაჩქარდეს. ამას ემსახურება, მათ შორის, დეპარტამენტის გაძლიერება არა მარტო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, არა მარტო ახალი შენობით, არამედ ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ ადამიანური რესურსების კუთხითაც საჭიროებს დეპარტამენტი გაძლიერებას. უკვე 5-ჯერ არის გაზრდილი პერსონალის რაოდენობა მიგრაციის დეპარტმანეტში, რაც ხაზს უსვამს ჩვენს სერიოზულ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, მთლიანად გათავისუფლდეს ჩვენი ქვეყანა არალეგალი მიგრანტებისგან, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერმა.








