ჩვენ არც მაშინ ვეუბნებოდით საზოგადოებას ტყუილს, როდესაც პერსპექტივა იყო ბუნდოვანი და არც ახლა ვეუბნებით, როცა უკვე მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას სიმართლე. ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტული, ხელშესახები სარგებელი, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხალხს ატყუებდნენ, თითქოს კანდიდატის სტატუსი დაკავშირებული იყო ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელთან.
მისივე განმარტებით, კანდიდატის სტატუსი არის მნიშვნელოვანი გზავნილი და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირის ლიდერებმა დააფიქსირეს, რომ სერიოზულად უყურებენ ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში.
„არაერთხელ გავაკეთეთ საერთო კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პირველ რიგში, ეს ნიშნავს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს, გზავნილს, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნისკენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისკენ და არა მარტო, ჩვენ გარშემო ქვეყნებისკენ, სახელმწიფოებისკენ, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. გახსოვთ, სერიოზული დისკუსია წარიმართებოდა ამ თემაზე, მათ შორის, ისმოდა ბევრი ტყუილი იმის შესახებ, რას მოიტანდა კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე იყო გაჯერებული სიცრუით ეს დისკუსია. კერძოდ, ჩვენი ოპონენტები, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, ხალხს ეუბნებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი დაკავშირებული იყო ფინანსურ სარგებელთან, ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელთან, ეკონომიკურ წინსვლასთან და ა.შ. სინამდვილეში, ჩვენ თავიდანვე ვეუბნებოდით სიმართლეს საზოგადოებას, არ ვატყუებდით, არ ვეუბნებოდით, რომ იქნება დიდი ფინანსური სარგებელი, მილიარდობით ევრო, ამაზე იყო საუბარი, თუ არ ვცდები, ასახელებდნენ 17 მილიარდ ევროს. 17 მილიარდი ევრო არის საერთო კალათი, რაც განკუთვნილია ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამაში შედიან როგორც კანდიდატი ქვეყნები, ასეევე ასოცირებული ქვეყნები, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებსა და არაკანდიდატ ასოცირებულ ქვეყნებზე ერთიანი მიდგომით ნაწილდება ეს თანხები, პროპორციულად ნაწილდება თანხები, არავითარი განსხვავება არ არის კანდიდატებსა და ასოცირებულ ქვეყნებს შორის. იყო უამრავი სიცრუე, რაც ვრცელდებოდა ჩვენი ოპონენტების მხრიდან – ფინანსური სარგებელი, ეკონომიკური სარგებელი, მილიარდობით ევრო და ა.შ. ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ჩვენ არც მაშინ ვეუბნებოდით საზოგადოებას ტყუილს, როდესაც პერსპექტივა იყო ბუნდოვანი და არც ახლა ვეუბნებით, როცა უკვე მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას სიმართლე. ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტული, ხელშესახები სარგებელი, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. ეს გზავნილი გვაძლევს დამატებით სტიმულს იმისა, რომ მაქსიმალურად დიდი ენერგიით უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის საბოლოო ინტეგრაცია ევროკავშირში, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. საბოლოო ჯამში, ამით ევროკავშირის ლიდერებმა დააფიქსირეს, რომ ისინი სერიოზულად უყურებენ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ჩვენი მხრიდან გზავნილია, რომ თანმიმდევრულად გაგრძელდება წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის მთავარი გზავნილი, რასაც მოიცავს თავის თავში ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.