ეს იყო აშკარად დადგმული პროვოკაცია და ამაზე ჩვენ შეგნებულად კომენტარს არ გავაკეთებთ. თქვენ იხილეთ არაერთი დადგმული პროვოკაცია კონკრეტული სუბიექტების მხრიდან. როდესაც ნიღბიანები, რომლებიც შეიძლება ნებისმიერი სუბიექტი იყოს, გამოდიან და პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ, ჯერ მოიხსნან ნიღბები და მერე გავაკეთებთ კომენტარს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ უკრაინაში რუსმა მებრძოლებმა ქართული დროშა შეურაცხყვეს.
„რაც შეეხება, მილიონამდე ქართველს - თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთში ცხოვრობს მხოლოდ 144 000 ქართველი, შეუძლია დაიჯეროს, მაგრამ ჩვენს გარშემო შეგვიძლია მიმოვიხედოთ, რამდენი ადამიანია წასული რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის აღწერის მონაცემებში შეყვანილები არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც თავს აცხადებენ ქართველებად. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ქართველების დეპორტაციის თაობაზე და ამის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი თავს იკავებდა ქართველად საკუთარი თავის გაცხადებისგან და შესაბამისად მათი ქართველობა სტატისტიკურ მონაცემებში აღარ აისახება. ბევრს აქვს გადაკეთებული გვარები, რაც იყო შიშის გამოხატულება. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში“, - აღნიშნა კობახიძემ.