ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და ევროპას შორის, მაშინ როდესაც სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ ყველაზე ანტიევროპული ძალა ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ დილემა რუსეთთან და ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვეულებრივი სიყალბეა, რადგან ვროინტეგრაციის გზაზე ყველაზე ხელშესახები შედეგები საქართველოს სწორედ ,,ქართული ოცნების” პირობებში ჰქონდა.

„ვიღაცები ცდილობენ, რომ ტოლობის ნიშანი დასვან რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და ევროპას შორის, მაშინ როდესაც, თავისი შინაარსით, სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ ყველაზე ანტიევროპული ძალა ამ ქვეყანაში, მათ შორის, მათი წარსულის გათვალისწინებით. გახსოვთ, რომ მათ ჩამოაყალიბეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიევროპული რეჟიმი 9 წლის განმავლობაში, რომელიც პირდაპირ კლავდა, აწამებდა ადამიანებს. 150 ახალგაზრდა მხოლოდ ქუჩაში მოკლეს. როდესაც მხოლოდ 100 თვის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში, ყოველთვიურად, საშუალოდ ერთზე მეტი ახალგაზრდა კვდებოდა უშუალოდ მათი რეჟიმის ხელიდან, იმ 100 თვის განმავლობაში. აწამებდნენ, კლავდნენ პატიმრებს, წელიწადში 140-ზე მეტი პატიმარი იღუპებოდა მათი რეჟიმის პირობებში, როდესაც ეს მაჩვენებელი 12-ჯერ შემცირდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში.

წარმოიდგინეთ, ყოველწლიურად, დაახლოებით, 120 პატიმარს კლავდნენ ციხეებში წამებით, არაჰუმანური აქტების განხორციელებით. ბიზნესის რეკეტით ათიათასობით ბიზნესმენი გაძარცვეს, ქვეყანა ჩართეს ომში, ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც თავადვე აღიარეს რეჟიმის მიერ ომის დაწყება. უფრო ანტიევროპული, ბუნებრივია, არაფერი არსებობს. მათი დღევანდელი სახეც კარგად ჩანს. ვიღაცას უნდა ტოლობის ნიშანი დასვას ხაბეიშვილსა და ევროპას შორის, გუბაზ სანიკიძესა და ევროპას შორის, თინა ბოკუჩავასა და ევროპას შორის, სალომე სამადაშვილსა და ევროპას შორის, ანა ნაცვლიშვილსა და ევროპას შორის და გვარამიასა და ევროპას შორის. ჰაბიტუსით დაწყებული, წარსული საქმეებით დასრულებული და მათი დღევანდელობით გაგრძელებული, აბსოლუტურად ანტიევროპული ძალები და ადამიანები არიან ისინი.

შესაბამისად, ეს ე.წ დილემა რუსეთთან და ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვეულებრივი სიყალბეა. მინდა შეგახსენოთ, ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე ხელშესახები შედეგები საქართველოს სწორედ ,,ქართული ოცნების” პირობებში ჰქონდა, ეს იყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და შემდეგ, დიდი ბრძოლით, წელიწადნახევრიან უსამართლო ბრძოლაში ხელიდან გამოვგლიჯეთ ვიღაც-ვიღაცებს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას და შრომას. შესაბამისად, ერთადერთი ევროპული ძალა ამ არჩევნებში არის „ქართული ოცნება“, – აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი ძალა, რომელიც ზრუნავდა ეროვნული ინტერესების დაცვაზე.

„ამასთან ერთად, ჩვენ ვართ ერთადერთი ქართული ძალა, რომელიც წლების განმავლობაში ზრუნავდა ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მათ შორის ზრუნავდა ევროინტეგრაციაზე და არამარტო ზრუნავდა, არამედ აღწევდა კონკრეტულ შედეგებსაც. ეკონომიკური წინსვლაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან და უზრუნველყოფს მის წინსვლას. 2028 წლისთვის ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკით გავასწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას და ეს გახდება ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ყველა მიმართულებით ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს ქვეყნის წინსვლისთვის ევროკავშირის მიმართულებით. რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ისტორიაში ყველაზე არაევროპული და ყველაზე ანტიქართული ძალაა. ამ პოლიტიკურ სპექტრში ,,ოცნება” ყველაზე პროევროპული და პროქართული ძალაა, შესაბამისად, არჩევანი მარტივია, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დღეს კიდევ ერთხელ მკაფიო არჩევანს გააკეთებს“.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციას ექნება მცდელობა გააპროტესტოს მარცხი, თუმცა მათ ამისთვის არავითარი ქუჩის რესურსი არ აქვთ.

„რაც შეეხება პროცესებს, რომელიც დღეს, შესაძლოა, განვითარდეს – რადიკალური ოპოზიციის დამარცხების შემდეგ ველოდებით იმავე სცენარს, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარდა. ისინი შეეცდებიან არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებას, თუმცა რესურსები სრულად ამოწურული აქვთ. მარტში, აპრილში, მაისში მათ გაანიავეს ყველა რესურსი, რაც ქუჩასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ისინი ცდილობდნენ ამ რესურსის დაგროვებას ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრისთვის, თუმცა წინასწარ, ჩვენი ძალისხმევით, მოუწიათ ამ რესურსის განიავება. შესაბამისად, რადიკალურ ოპოზიციას, როდესაც 8 საათის შემდეგ ნახავს მძიმე შედეგებს, ექნება მცდელობა, გააპროტესტოს საკუთარი მარცხი. თუმცა არავითარი ქუჩის რესურსი მათ არ აქვთ ერთი მარტივი რესურსის გამო, არჩევნების მოგებასაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი – ხალხის მხარდაჭერა. როდესაც არ გიმაგრებს ზურგს ხალხის მხარდაჭერა, ვერც არჩევნებში იქნები წარმატებული და ვერც ქუჩაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.