საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ფორმატი დაფუძნდა ორი წლის წინ და წელს უკვე იმართება მეორე შეხვედრა ამ ფორმატში.
„ამ შეხვედრამ მოგვცა საშუალება, ერთად გვემსჯელა მიღწეულ პროგრესზე და დაგვესახა ასევე ერთად სამომავლო გეგმები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, თითოეულ მინისტრს ძალიან საინტერესო დისკუსიებისთვის. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ეს ეხებოდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ენერგეტიკის და დაკავშირებადობის საკითხებს, გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას, თავდაცვას, იუსიტიციას, განათლებას, კულტურას. ყველა სფეროს შევეხეთ ამ ფორმატის ფარგლებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენი მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ასევე, მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს სხვადასხვა სფეროში და, რა თქმა უნდა, შეთანხმებებიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაღრმავებას ჩვენს ქვეყნებს შორის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობების ყველა ასპექტი. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები და ამის დასტურია ის ხშირი გაცვლა ვიზიტების და შეხვედრების, რომლებიც იმართება ჩვენს შორის. ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ამ თანამშრომლობის სამომავლო განვითარებას. ასევე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე გვქონდა დღეს საუბარი. ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა, რამდენად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მთავრობებს შორის თანამშრომლობა, არამედ ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობაც, რათა გავაღრმაოთ ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.