"საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებით, არამედ ზოგადად კანდიდატ ქვეყნებს შორის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "დებატები" განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებს იკავებს როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და კორუფციის დაბალი დონის, ისე ეკონომიკური განვითარების ტემპების თვალსაზრისით. მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის კუთხითაც საქართველო ხელსაყრელ მდგომარეობაშია.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა უკრაინასა და მოლდოვაში დემოკრატიულ პროცესებზე. მისი განცხადებით, უკრაინაში არჩევნები არ ტარდება, ხოლო მოლდოვაში არჩევნებთან და პოლიტიკური პლურალიზმის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, თუმცა ამ ფონზე, ამ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ფაქტებზე საერთაშორისო კრიტიკა არც ყოფილა.

"რაც შეეხება საერთო ვითარებას, რომელიც არის შექმნილი საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი. კონკრეტული ფაქტებით დასტურდება ის, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებით, არამედ ზოგადად კანდიდატ ქვეყნებს შორის. არის აშკარა მოწინავე ყველა თვალსაზრისით.

რამდენიმე ძირითადი პარამეტრი რომ ავიღოთ მაგალითად, როგორიც არის მაგალითად ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, კორუფციის სიმცირე - ამ პარამეტრებით, და ეს ყველაფრით დასტურდება. მეორე მიმართულება რომ ავიღოთ - ეკონომიკა, აქაც ციფრებით დასტურდება ის, რომ საქართველო ბევრად უსწრებს წინ, მათ შორის განვითარების ტემპებით ამ კონკრეტულ ქვეყნებს. არის ბევრი სხვა პარამეტრი, მაგალითად საზოგადოების განწყობები ინტეგრაციის მიმართ, რომ არ შევადაროთ ერთმანეთს საქართველო და მოლდოვა, აქაც ვხედავთ, რომ არის აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება.

მე შემიძლია კონკრეტული ფაქტები მოვიყვანო, რაც არის დაკავშირებული დემოკრატიის მდგომარეობასთან უკრაინაში, მოლდოვაში და შემდეგ საქართველოში.

არჩევნებით რომ დავიწყოთ - უკრაინაში საერთოდ არ ტარდება არჩევნები, გასაგებია - ომია, და ამით შეიძლება გამართლება მოუძებნო ამ ფაქტს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დღეს დემოკრატიული პროცესი საერთოდ არ წარიმართება უკრაინაში. გავანებოთ თავი უკრაინას, სადაც ომია, ავიღოთ მოლდოვა, სადაც ყველამ კარგად ვიცით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.

ყველამ ვიცით, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებში მოლდოვა მცხოვრებ მოსახლეობას არ დაუჭერია მხარი არჩეული პრეზიდენტისთვის, თუმცა დიასპორის ხმების ხარჯზე საბოლოო ჯამში პრეზიდენტი გამოცხადდა პირველივე ტურში არჩეულად. საპარლამენტო არჩევნებს რაც შეეხება, იქაც ძალიან დიდი სიმწირეა პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა - ჩვენთან დაკავშირებით იცით, რომ მთელი აჟიოტაჟია შექმნილი თუ როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანო სარჩელი პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით. თქვენ იცით რა ვითარება არის ამ კუთხით როგორც მოლდოვაში, ისე უკრაინაში, სადაც პირდაპირ აიკრძალა 11 პოლიტიკური პარტია და ამასთან დაკავშირებით არანაირი კრიტიკა არ ყოფილა; მოლდოვაში აიკრძალა ერთ-ერთი უმსხვილესი ოპოზიციური გაერთიანება 2023 წელს, ორ პარტიას უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წინ 2025 წელს აუკრძალეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, არავითარი რეაქციები ამასთან დაკავშირებითაც", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.