"სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია თანავუგრძნოთ მას. "-  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის საუბრობს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციებზე ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

მისი განმარტებით, პრეზიდენტს 4 პარასკევი აქვს ამ პოსტზე დარჩენილი და მისი ეს ემოციური განცხადებები არაა გასაკვირი.

"სალომე ზურაბიშილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია თანავუგრძნოთ მას. მას აქვს დარჩენილი 4 პარასკევი და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მისი ემოციური განცხადებები არავისთვისაა გასაკვირი. კი, პოლიციელები, მისი განცხადებით, იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები - ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა, ამ დღეების განმავლობაში, ამ მიტინგებზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ: პრეზიდენტის განცხადებით, სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს.

"დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა-  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  საფრანგეთის საზოგადოებრივ რადიო France Inter-თან.