პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლის ტექსტი იყო არა მარტო შეურაცხმყოფელი ინსტიტუტების მიმართ, არამედ შეიცავდა ისეთ პასაჟებს, რომელიც ზრდილობის ზღვარს მიღმა გადიოდა.
„განსაკუთრებით მძიმე იყო ის პასაჟი, რომელიც უკავშირდებოდა შვილების თემას. ყველაზე საინტერესო იყო, რომ, მოგვიანებით ვნახე, ის ამას კითხულობდა. შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, როგორც მაგალითად, ანა ნაცვლიშვილს წამოსცდა ორიოდე თვის წინ, მაგრამ ეს იყო დაწერილი ტექსტი, პავლიკა მოროზოვის ტექსტი მას ჰქონდა დაწერილი ქაღალდზე და ამას კითხულობდა. სინამდვილეში, გუშინ თავისი ტექსტით, სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე. ეს იყო ამ ტექსტის ერთადერთი რელევანტური შეფასება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ჩავარდა რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა. კენჭისყრამდე, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.