ოპოზიციას კიდევ ერთხელ შევთავაზეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატების წარდგენა, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ თვითმიზანს, ჩააგდონ საკითხზე კენჭისყრა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან სამწუხარო და ოპოზიციას კონსტრუქციული მიდგომის გამოვლენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„უკვე თითქმის ერთი წელია გასული, რაც ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ დაესახელებინა, მათთვის მისაღები კანდიდატურები, თუმცა უარს ამბობენ, რაც არასწორია და მიუღებელი. კიდევ ერთხელ შევთავაზეთ მათთვის სასურველი კანდიდატურების დასახელება, ამბობენ უარს. არ ვიცი, ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ ერთგვარ თვითმიზანს, ჩააგდონ ამ საკითხზე კენჭისყრა. ეს არის ძალიან სამწუხარო. ამ ყველაფრიდან გამოჩნდება, ვის სურს კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყნისთვის და ვის არ სურს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას კონსტრუქციული მიდგომის გამოვლენისკენ, თუმცა რამდენად იქნება მათი მიდგომა კონსტრუქციული, არ ვიცი, ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, წელიწადზე მეტია გასული, რაც საპარლამენტო უმრავლესობა ითხოვს მათ პოზიციას, თუმცა ეს პოზიცია არ ჩანს.
„24 საათზე საუბარი მათი მხრიდან არის სპეკულაცია. კონკრეტული კანდიდატურების მხარდაჭერა თუ სურთ, დაასახელონ ეს კანდიდატები ან საერთოდ არ დაასახელონ და მხარი დაუჭირონ კენჭისყრაზე. ესეც არის ერთ-ერთი ვარიანტი. უბრალოდ, აქ გამოჩნდება, სინამდვილეში მათ სურთ თუ არა კანდიდატის სტატუსი. მთლიანად კენჭისყრას თუ ჩააგდებენ, ასეთ შემთხვევაში, ძალიან ნათელი იქნება მათი დამოკიდებულება, მხარს თუ დაუჭერენ კონკრეტულ კანდიდატებს, ესეც ცხადყოფს მათ დამოკიდებულებას. ალბათ ამ დღეებში შედგება კენჭისყრა. კანდიდატების არჩევა თუ მოხერხდება, ეს იქნება ძალიან კარგი, რათა წინ წავიწიოთ კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.