"მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობას, თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ რიგით პოლიციელს, სპეცრაზმელს, ყველა ვინც იყო ჩართული სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლებს" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დამხობის მცდელობის წინააღმდეგ ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა და ამის ნებისმიერ ქვეყანას შეშურდება. 

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 

"ყველამ ნახა საჯაროდ, როგორ მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და, კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობას, თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ რიგით პოლიციელს, სპეცრაზმელს - ყველას, ვინც იყო ჩართული სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლებს. ყველამ ჩაატარა ეს ოპერაცია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ქვეყანას შეშურდება ასეთი იუველირული სპეცოპერაცია, რომელიც მათ ჩაატარეს დამხობის მცდელობის წინააღმდეგ.

ასევე, უმაღლეს დონეზე იმუშავა ამ დღეების განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. განსხვავებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, უსაფრთხოების სამსახური მუშაობს არასაჯაროდ, შესაბამისად, ასე გარეთ არ ჩანს მათ მიერ გაწეული სამუშაო, თუმცა შემიძლია გითხრათ ძალიან ზოგადად, რომ მათ მიიღეს უამრავი პრევენციული ზომა, ძალიან ბევრი საფრთხე წინასწარ გაანეიტრალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. აქაც, რა თქმა უნდა, შინაგან საქმესთან სამინისტროსთან თანამშრომლობით და ამან გაამარტივა ბუნებრივია, უშუალოდ 4 ოქტომბერს სპეცოპერაციის ჩატარება და ამისთვის მადლობა ეკუთვნის სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის ხელმძღვანელს, თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვინც იყო ჩართული პრევენციული ზომების მიღებაში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.