2021 წლის პირველ კვარტალში, უმუშევრობა შეადგენდა 21.9 %-ს, 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა არის 3.7%, გვაქვს ძალიან სერიოზული გაუმჯობესება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ პერიოდში, შეიქმნა 146 000 ახალი სამუშაო ადგილი და გაზრდილია დაქირავებულთა შრომის ანაზღაურება.
„კონკრეტული ადამიანები საქმდებიან და მათი საშუალო ანაზღაურება იზრდება. იგივე პერიოდი რომ ავიღოთ, დაქირავებულთა შრომის ანაზღაურება საშუალოდ შეადგენდა 1256 ლარს და უკვე 2 000 ლარს აჭარბებს. ანუ, მეტი ადამიანია დასაქმებული და ადამიანებს აქვთ უფრო მაღალი ანაზღაურება, ესაა ამ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის შედეგები. საბოლოო ჯამში, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ამ 3.5 წლის განმავლობაში. რომ ავიღოთ 2021 წლის დასაწყისი და 3 წლის შემდეგ მეორე კვარტლის მონაცემები, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით ქვეყანას აქვს ძალიან კარგი მონაცემები.
„პროდუქციის გამოშვება 1-წლიან პერსპექტივაში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შეფარდებით, 12.5 %-ით გაიზარდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 10.3%-ით და ა.შ. ასევე, ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთ არის საგარეო ვალი, ინფლაცია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბიუჯეტის დეფიციტი, ყველა კუთხით გვაქვს ძალიან კარგი გარემო იმისთვის, რომ სტაბილურად შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.