მთლიანობაში, საქართველოში საგადასახადო ტვირთი არის ყველაზე დაბალი ევროპაში ირლანდიის შემდეგ, მეორე ადგილზეა ამ კუთხით საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება, საერთოდ არ მოახდინოს გადასახადის შემცირებამ გავლენა საბოლოოდ თაროზე არსებულ ფასზე და გადასახადების შემცირება ამ კუთხით გამოსავალი არ არის.

„ხშირად საუბრობენ ოპონენტები იმაზე, რომ თითქოს გადასახადებია პრობლემა ფასწარმოქმნის პროცესში. გადასახადებს მთლიანობაში უნდა შევხედოთ, მხოლოდ დღგ-ზეა ხოლმე საუბარი. მთლიანობაში, საქართველოში საგადასახადო ტვირთი არის ყველაზე დაბალი ევროპაში ირლანდიის შემდეგ, მეორე ადგილზეა ამ კუთხით საქართველო. მთლიანობაში, ეკონომიკასთან მიმართებით გადასახადების წილი არის დაახლოებით 25 პროცენტი. არის ქვეყნები, სადაც 40 პროცენტამდე ადის საგადასახადო ტვირთი და იმ ქვეყნებში არის ჩვენზე დაბალი ფასები კონკრეტულ სასურსათო პროდუქტებზე, დღგ-ის კუთხით არის რანჟირების პრაქტიკა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ისევ მოთხოვნა-მიწოდებამდე მივდივართ. თუ ჩვენ დავაკლებთ დღგ-ს, მაგრამ არ შეიცვლება ზოგადი მიდგომა და ზოგადი პრაქტიკა, ამ შემთხვევაში, იმ შემცირებულ დღგ-ს ისევ მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე წაიღებს კონკრეტული ქსელი. ანუ, შეიძლება, საერთოდ არ მოახდინოს გადასახადის შემცირებამ გავლენა საბოლოოდ თაროზე არსებულ ფასზე. ესეც ბიზნესის ბუნებაა, არის მოთხოვნა-მიწოდება, დღეს თუ უღირს ადამიანს ათი ლარის გადახდა, პირობითად, კარაქის კონკრეტულ სახეობაში, ისევ გადაიხდის იმ ათ ლარს, რაც არ უნდა გამოაკლო შენ 18 პროცენტს ცხრა პროცენტი დღგ, შეიძლება ის ცხრა პროცენტი ისევ ძალიან მარტივად წაიღოს ორ-სამ თვეში ქსელურმა მარკეტმა. აქედან გამომდინარე, ეს არ არის გამოსავალი. ჯამურად თუ შევხედავთ, გადასახადები, რა თქმა უნდა, მთლიანობაში ახდენს გავლენას ფასწარმოქმნაზე. ერთია დღგ, რითიც უშუალოდ პროდუქტი იბეგრება, მაგრამ ამასთან ერთად არის, მაგალითად, ქონების გადასახადი, რომლითაც შესაბამისი ქონებრივი აქტივი ებეგრება ქსელურ მარკეტს, არის მოგების გადასახადი, აქციზი, რომელიც კონკრეტულ პროდუქტებზე მოქმედებს და ა.შ. მთლიანობაში, საგადასახადო ტვირთი რომ ავიღოთ, ამ კუთხით, სიმსუბუქის კუთხით ვართ მეორე ადგილზე ევროპაში, ირლანდიის შემდეგ. 25 პროცენტზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მხოლოდ ირლანდიას, თუმცა ფასები ევროპაში არის უფრო დაბალი, ვიდრე ჩვენთან. გადასახადები არ არის რეალურად გამოსავალი“, – განაცხადა პრემიერმა.