საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მადლობას უხდის სამართალდამცველებს, რომ მათ უზრუნველყვეს უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო.

როგორც ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების დღემ ჩაიარა თვისებრივად მშვიდ ვითარებაში.

„3111 უბნიდან 3100-ზე მეტ უბანზე ვითარება იყო აბსოლუტურად მშვიდი. იყო რამდენიმე საარჩევნო უბანი, სადაც შემთხვევით ისე გამოდიოდა ხოლმე, რომ ერთი და იგივე ჟურნალისტი და ერთი და იგივე ზონდერ დაჯგუფება ოპოზიციიდან ერთად ხვდებოდნენ და მაინც და მაინც იქ იწყებოდა ხოლმე არეულობა. როგორც კი ვამხილეთ ეს ფაქტი, მაშინვე შეწყდა არეულობები და ბოლო ორი საათი ჩატარდა მშვიდ გარემოში ყველა საარჩევნო უბანზე. დასკვნები თქვენთვის მომინდვია. კიდევ ერთხელ სამართალდამცველებს განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ მშვიდ გარემოს და ზრუნავდნენ რისკების პრევენციაზე. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ძალიან მძიმე ფაქტი. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იყო მსჯავრდებული უმძიმესი დანაშაულისთვის, ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აფეთქების მცდელობისთვის, ერთ-ერთ არჩევნებამდე სამი დღით ადრე ცდილობდა ე.წ. მწვანე საზღვრის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოსვლას. მას ემუქრებოდა საქართველოში 18-წლიანი პატიმრობა და თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რასთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული ამ ადამიანის მხრიდან ასეთ რისკზე წასვლა. მადლობა სამართალდამცავებს იმისათვის, რომ აღკვეთეს საზღვრის უკანონო კვეთა და შესაბამისი პირი დღეს იმყოფება საპატიმროში, დანარჩენს, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.