ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც შეურაცხმყოფელი ბანერით „ულოცავს“ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლზე, რომელშიც აქციის კადრებიც არის გამოყენებული.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს მიზანმიმართული უხეშობაა.

„თავისთავად, ეს კიდევ ერთი მორიგი უხეში ჩარევაა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ასევე, ეს არის რადიკალიზმის მხარდაჭერა. შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს, როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მიზანმიმართული უხეშობაა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს. ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით „ულოცავს“ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.