ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ძალიან საქმიან და მეგობრულ გარემოში გაიმართა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მიმართ არის ძალიან მეგობრული განწყობა, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და ნატო-ს შორის.
„გვქონდა სხვადასხვა თემაზე საუბარი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, რაც დაკავშირებულია ჩვენს მისწრაფებებთან საგარეო პოლიტიკის კუთხით, ევროკავშირთან, მათ შორის, რაც დაკავშირებულია ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან. ყველა თემას შევეხეთ. იყო საუბარი ასევე უსაფრთხოებაზე ჩვენს რეგიონში გლობალურად, ევროპის კონტინენტზე და ასე შემდეგ. ყველა თემასთან დაკავშირებით იყო ძალიან საქმიანი, საინტერესო საუბარი. ძალიან მეგობრული განწყობა არის ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და ნატო-ს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.