ბულინგი იმ სპორტსმენებთან მიმართებით, რომლებიც დასახელდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში, არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მეტყველებს, რომ სინამდვილეში, ასეთი ადამიანებისთვის საერთოდ არ არის ძვირფასი საქართველოს და ქართული სპორტის წარმატება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს ჯანსაღ გარემოში. პირველ რიგში, ეს გულისხმობს იმას, რომ არ უნდა იყოს არავითარი ძალადობა, ე.წ. ბულინგი, ზეწოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ დროდადრო არის გარკვეული აქტები, რაც ხელს არ უწყობს ჯანსაღი ფორმით არჩევნების ჩატარებას, ხელს არ უწყობს ჯანსაღი საარჩევნო გარემოს არსებობას. ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის ინტერესებში.

რაც შეეხება კამპანიას, რომელიც ვიხილეთ იმ სპორტსმენებთან მიმართებით, რომლებიც დასახელდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში, ბულინგი, რაც ვიხილეთ, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ესეც არის მორიგი აქტი, რომელიც არ შეშვენის არც საარჩევნო გარემოს და არც ქართულ კულტურას. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ სინამდვილეში, ასეთი ადამიანებისთვის საერთოდ არ არის ძვირფასი საქართველოს და ქართული სპორტის წარმატება“, – განაცხადა პრემიერმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული გუშინ წარადგინა. პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან: ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.