ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა როცა ჩაინიშნება, მეორე დღესვე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი, მას მოუწევს იმპიჩმენტის წესით დატოვოს თანამდებობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის დამრღვევმა პრეზიდენტმა სწორედ იმპიჩმენტით უნდა დატოვოს თანამდებობა.
„ეს არის ერთგვარი წინასაარჩევნო პიარული ტრიუკები, თუმცა არავითარი ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეიტინგის და მთლიანად „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეიტინგის გათვალისწინებით. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ უკვე ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, იმისდა მიხედვით, თუ როდის ჩაინიშნება ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, მეორე დღესვე სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე. მას მოუწევს იმპიჩმენტის წესით დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა.
იმპიჩმენტს აქვს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა, გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბიშვილს ერთ თვეში ვადა მაინც გაუვა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ იმპიჩმენტის გარეშე არ დატოვოს თანამდებობა, კონსტიტუციის დამრღვევმა პრეზიდენტმა სწორედ იმპიჩმენტით უნდა დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა, რასაც უზრუნველყოფს ქართველი ხალხი, რომელიც შესაბამის მანდატს მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.