„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი გაიმართება და მას „ქართული ოცნების“ 5 დეპუტატი დაესწრება.

ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ  პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„5 დეპუტატი ვიქნებით წარმომადგენლები იმ 80-კაციანი ჯგუფის, რომლებმაც იმპიჩმენტის თაობაზე ოფიციალურად შეიტანა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში და პირადად მივიღებთ მონაწილეობას ბათუმში, ამ პროცესში.

რაც შეეხება მოლოდინს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას რაიმე განსაკუთრებული კვალიფიკაცია არ ესაჭიროება. არ სჭირდება განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაციაც კი ამ კაზუსის ამოხსნას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.